logo
ENG



"რა თქმა უნდა, შეიძლება სხვადასხვა საკითხი იყოს განხილული" - კობახიძე რუსეთთან ურთიერთობაზე

16 მაი 202323:44
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/16/pw7wlbaq26etvaq.jpg

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის კიდევ "სხვადასხვა საკითხი იყოს განხილული". ამის შესახებ მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა.

ჟურნალისტმა კობახიძეს ჰკითხა, "მოსალოდნელია თუ არა კომუნიკაციის აღდგენა რუსეთთან, კიდევ რაიმე ახალი ნაბიჯები, სხვა თემების შემოტანა ორმხრივ ურთიერთობებში".

ამის პასუხად კობახიძემ განაცხადა, რომ "ძალიან რთულია სწრაფ ტემპებში ხელშესახები პროგრესის მიღწევა, თუმცა ამის მყარად შენარჩუნება ქართული ოცნების მთავარი ამოცანაა".

"ჩვენი მიზანია სუვერენიტეტის შენარჩუნება. მიზანი არის, რა თქმა უნდა, არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნება და ამ პრინციპების დაცვა. ჩვენი მთავარი ამოცანაა, შენარჩუნება, განმტკიცება სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის კუთხით, რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთული საკითხია, მაგრამ რამდენად შესაძლებელია მყარი პერსპექტივის შენარჩუნება, ეს არის ჩვენი ამოცანა, რა თქმა უნდა, აქ ძალიან რთულია სწრაფ ტემპებში ხელშესახები პროგრესის მიღწევა, მაგრამ ამის მყარად შენარჩუნება არის ჩვენი მთავარი ამოცანა. ჩვენი მიზანია, რომ არა თუ არ დავშორდეთ ამ პერსპექტივას, მინიმუმ, შევინარჩუნოთ ეს პერსპექტივა. ჩვენი მთავარი მიზანია საკუთარი ქვეყნის ინტერესების და ხალხის ინტერესების დაცვა და არა ის, რასაც ითხოვენ. საკუთარი ქვეყნისთვის სანქციების დაწესება, ესკალაცია, მეორე ფრონტისკენ ქვეყნის წაყვანა, ამას არ დავუშვებთ. ამიტომ, ამ ფარგლებში, რა თქმა უნდა, შეიძლება სხვადასხვა საკითხი იყოს განხილული, მაგრამ ყველას უნდა ესმოდეს ისიც, რომ ბუნებრივია, რაიმე სწრაფი ნაბიჯების გადადგმა არის ძალიან რთული, ხშირად შეუძლებელიც", - განაცხადა კობახიძემ.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან ამოქმედდება. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.

ქართული ოცნება მანიპულირებს, თითქოს რუსეთისგან სავიზო რეჟიმის გაუქმება და ფრენების აღდგენა ისევ ქართველებისთვის არის დადებითი გადაწყვეტილება, რადგან ეს რუსეთში მყოფებს ცხოვრებას გაუადვილებს.

***

ამ დრომდე რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად იყო გაუქმებული. ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ კი რუსეთმა 2019 წლის ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ფრენები შეწყვიტა.

ამ დროის განმავლობაში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ გაჟღერებულა, რომ რუსეთი საქართველოსთან განიხილავდა როგორც პირდაპირი ფრენების აღდგენას, ისე სავიზო რეჟიმის გაუქმებას.

იმ დროს კი, როდესაც უკრაინაში მიმდინარე მასშტაბური ომის ფონზე, დასავლეთის ქვეყნები რუსეთთან ფრენებს კრძალავდნენ და სავიზო რეჟიმსაც აწესებდნენ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ პირიქით, მათთვის მისასალმებელი იქნებოდა უვიზო მიმოსვლა და ფრენების აღდგენაც. 


close დახურვა